სამხატვრო ნამუშევრების გამოფენა

2011 წლის 11 მაისს სკოლა ,,ოლიმპის’’ სააქტო დარბაზში გაიმართა მოსწავლეთა სამხატვრო ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა 12 მაისს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის დღეს. გამოფენაზე სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ხატები, პასტელით შესრულებული ნახატები, თექის ნამუშევრები, დეკორატიული ხეები. გამოფენის დამთვალიერებელთათვის სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საგალობელი ,,წმიდაო ღემრთო,’’ ასევე, ჯვრის ტროპარი და სვანური ,,ქრისტე აღსდგა.’’ ,,ოლიმპის’’ მოსწავლემ, გიორგი ემხვარმა, შეასრულა კომპოზიცია ,,ხორუმი’’ (დოლი). სამხატვრო ნამუშევრების გამოფენის იდეა ეკუთვნოდა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ქეთევან აბელაშვილს. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულმა ნამუშევრებმა ხატწერის მოტივებზე დამთვალიერებლეთა მოწონება დაიმსახურა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, ასევე, სკოლის სახვითი და გამოყენებით ხელოვნების პედაგოგის, მაია გიგაურის მოსწავლეთა ნამუშევრები.
გამოფენის მუსიკალური ნაწილი მოამზადა სკოლის მუსიკის პედაგოგმა, ქ–ნმა ნინო ჯავახაძემ. გამოფენის მონაწილეებს, ასევე, მუსიკალური კომპოზიციის შემსრულებლებს, სკოლის ადმინისტრაციისაგან გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.